აშშ-ში, არკანზასის შტატში, ერთ-ერთ მაღაზიაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაიჭრა. დაშავებულთა შორის პოლიციის ორი ოფიცერია. ამის შესახებ ინფორმაციას არკანზასის შტატის პოლიცია ადასტურებს.
„სიენენის“ ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 44 წლის მამაკაცი დაჭრილი და დაკავებულია. სამართალდამცველების ცნობით, ის მარტო მოქმედებდა.
შემთხვევა ქალაქ ფორდაისში მოხდა. პოლიცია მაღაზიაში სროლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მივიდა ადგილზე და ეჭვმიტანილს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდივნის და არკანზასის შტატის პოლიციის დირექტორის, მაიკ ჰაგარის განცხადებით, ოფიცრებისა და ეჭვმიტანილის დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის, დანარჩენი მოქალაქეების დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშიდან, კრიტიკულამდე მერყეობს.