ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ დღეს სამწუხარო დღეა, რადგან უნდა განიხილონ საქართველოს საკითხი, სადაც მთავრობა მოძრაობს არა ევროკავშირის მიმართულებით, არამედ მის საწინააღმდეგოდ.
მარგუს ცაჰკნას თქმით, სამაგიეროდ ხვალ არის სასიხარულო დღე, რადგან უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება განიხილება.
„საქართველოს შესახებ მთავარი იქნება ის, რომ აღარ გადაიდგმება ნაბიჯები ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის ქცევას, თუ არ გააუქმებს უცხოელი აგენტების კანონს. გარდა ამისა, არსებობს სია იმ ზომებისა, რომლებიც შესაძლოა იქნას მიღებული და მათ შორის არის ფინანსური დახმარების შეჩერება. ასევე იქნება საუბარი შენგენის ვიზების აკრძალვაზე მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას, იმიტომ რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას",- განაცხადა ცაჰკნამ.