საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე კვირას პარლამენტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტს განიხილავს.
„განხილვების პროცესში 11 რეგიონში 5000-მდე მოქალაქეს შევხდით. საკანონმდებლო პაკეტის მიმართ, რომელიც ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას ეხება, აბსოლუტური მხარდაჭერა იყო. გარდა ამისა, 17 მაისს, ვნახეთ საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოსული დედაქალაქსა და რეგიონებში ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად. ამ საკითხზე ფაქტობრივი რეფერენდუმი უკვე ჩატარებულია და ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომ მოქალაქეების ხმა ვაქციოთ კანონად. იმედი მაქვს, მიმდინარე კვირას ოპოზიცია საკუთარი მოქალაქეების ინტერესის მხარეს, საქართველოს მხარეს დადგება, ამ კანონპროექტთა პაკეტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას და მხარს დაუჭერს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
25-28 ივნისის პლენარული სხდომების კვირაში „საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავენ. ასევე, სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშს მოისმენენ და უზენაესი სასამართლოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს აირჩევენ.
ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და განსაზღვრეს სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები.