ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბორელი: ე.წ გამჭვირვალობის კანონი უკან ქაჩავს ევროკავშირისგან ქვეყანას, ამიტომ პირველ რიგში, ეს კანონი უნდა იქნას უკან წაღებული

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოზე (FAC), სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის შესაძლო საპასუხო ზომები განიხილეს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამწუხაროა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მიცემული შენიშვნები და „აგენტების კანონი“ მაინც მიიღო.

„რაც შეეხება საქართველოში პოლიტიკურ მდგომარეობას, კონკრეტულად კი ე.წ გამჭვირვალობის კანონს, რომელიც მიიღეს, ჩვენ სინანული უნდა გამოვთქვათ, რომ რატომღაც არ გაითვალისწინეს ჩვენი მხრიდან მიცემული შენიშვნები, მაგრამ ხალხმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია, სადაც გამოჩნდა მათი სურვილი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს., თუმცა ეს კანონი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ამ პროცესის მოგვარებაში.

ეს კანონი უკან ქაჩავს ევროკავშირისგან ქვეყანას, ამიტომ პირველ რიგში, ეს კანონი უნდა იქნას უკან წაღებული, სხვა საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ეს დინამიკა გაგრძელდება, ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, მაგრამ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ოფიციალური პირების მიერ გადადგმული ნაბიჯები უკან სწევს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს ინფორმაცია ჩვენი მხრიდან მიეწოდება საქართველოს  ხელისუფლებას, გავაგრძელებთ მათთან საუბარს და მონიტორინგს იმ პოლიტიკური სიტუაციის, რაც არის ქვეყანაში.

ვიცით, რომ ცდილობენ რუსეთის მხრიდან გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ ამ ხელისუფლებაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ შეგვაჩერებს. ჩვენ თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ პროცესებს და მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ქართველ ხალხს, რომელმაც გამოხატა სურვილი დემოკრატიული პროცესების განვითარების, აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ სურვილს მომავალში“, - განაცხადა ბორელმა.