საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას ეხმიანება.
ზარქუა მიიჩნევს, რომ ერთიანობის დეკლარაციის გარშემო გაერთიანებული პარტიები - „ნაცები“ ან „ნეონაცები“ არიან.
„მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ეს არის „ფანჩატური 2“, ოღონდ მადამ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით და პატრონაჟით. შალიკო წარსულია, შალიკო გვერდზე გაწიეს. ახლა არ ახსოვთ შალიკო და მის ფანჩატურში რომ დილიდან საღამომდე ყელს იღერებდნენ, ეს დაავიწყდათ. ესაა შალიკო, არ გიფასებენ ძმაო.
რა არის აქ გასაერთიანებელი, ისედაც ერთიანი არ იყვნენ? ვის ატყუებენ? ერთადერთი მადამ პრეზიდენტთან მესიჯი მოვიდა პატრონებისგან, რომ უნდა უხელმძღვანელოს ამ რადიკალების პლატფორმას და ამას ასრულებს ის ქალი. მორჩა. რომელიმე მახასიათებელი განსხვავებული ჰქონდათ? ყველა თავიდან ბოლომდე „ნაცები“ ან „ნეონაცები“ არიან,- განაცხადა ზარქუამ.
6 ოპოზიციური პარტია ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ.