„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას ეხმიანება.
მისი თქმით, დოკუმენტი ინტერპარტიულია და კიდევ უფრო მეტ ერთიანობას გულისხმობს.
„ოპოზიციის ერთიანობის პირველი ნაბიჯი ჩვენ ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტის ქარტიას მოვაწერეთ ხელი. ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, პარტიების უფრო მეტ ინტეგრაციას, რათა მიღწეული იყოს უფრო დიდი მიზანი, ეს არის ივანიშვილის დამარცხება და მეორე ეს არის საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება. ამისთვის საჭიროა ერთიანობა. სწორი ფორმატის წარდგენა მოხდება 8 ივლისამდე, რათა დამაჯერებლად მოხდეს რეჟიმზე გამარჯვება. ამისთვის საჭიროა ერთიანი კოალიციური ხედვა და კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ამ რეფორმებს სწრაფად ჩაატარებს და იმისთვის, რომ რეჟიმი დამარცხდეს, რეფორმები სწრაფად შესრულდეს, ქარტია სწრაფად შესრულდეს და ვინტეგრირდეთ ევროკავშირში. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, კონსოლიდაცია, ამისთვის საჭიროა მოქალაქეების მობილიზება არჩევნებზე მისვლისთვის და ამას ემსახურება ეს ინტერპარტიული დოკუმენტი”, - აცხადებს ჩიხლაძე.
6 ოპოზიციური პარტია ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ.