საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.
როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ განაცხადა, დღეს ისტორია დაიწერა.
„დღეს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით. მიხარია, რომ მონაწილე ვიყავი ამ თამაშის. ბიჭებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს, ყველას დიდი მადლობა. დღეს მთელი საქართველო ემოციებისგან არის დაცლილი. მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა“, - განაცხადა კაშიამ.
კაპიტანი მადლობას უხდის გულშემატკივრებს სასწაული მხარდაჭერისთვის.
„გულშემატკივრებს სასწაული მხარდაჭერა აქვთ, ამას ვგრძნობთ. გასვლით თამაშებზე სახლში ვთამაშობთ. ფეხბურთელების ოცნება იყო, რომ უცხო ქვეყანაში ისე გვეგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში. ის გარემო, რასაც გულშემატკივრები ქმნიან ჩვენ გვეხმარება წარმატების მიღწევაში. ჩემი დიდი მადლობა მათ!“,- აღნიშნა კაშიამ.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები 30 ივნისს ესპანეთს დაუპირისპირდება.