მოედანზე არანაირად არ იგრძნობოდა, რომ პორტუგალიელები ძალების დაზოგვით თამაშობდნენ. პირიქით, მათი მთავარი ვარსკვლავი გაღიზიანებული იყო, რომ თამაში არ მისდიოდათ. ჩვენ კი ყველაფერი ჩავდეთ ამ გამარჯვებაში, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
წიტაიშვილმა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრები უკვე, ესპანეთთან ჩასატარებელ მატჩზე იფიქრებს.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხალხს, ვინც აქ მოვიდა. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ შეძლეს და ჩამოვიდნენ. ეს იყო ჩვენი მადლობა, მათთვის ვინ აქ ჩამოვიდა, გვიყურებდა, გვერდში გვედგა და სჯეროდა ჩვენი. მოედანზე არანაირად არ იგრძნობოდა, რომ პორტუგალიელები ძალების დაზოგვით თამაშობდნენ. პირიქით, მათი მთავარი ვარსკვლავი გაღიზიანებული იყო, რომ თამაში არ მისდიოდათ. ჩვენ კი ყველაფერი ჩავდეთ ამ გამარჯვებაში, რომ ხალხი ისევ გაგვეერთიანებინა. ისევ 26 რიცხვს დაემთხვა და მგონი, ყველაზე კარგი რიცხვია, რაც შეიძლება იყოს. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, რადგან ეს ისტორიული გამარჯვებაა.
ჩვენთვის ყველა თამაში ფინალივით იყო, ახლა ესპანეთთან ჩასატარებელ მატჩზე ვიფიქრებთ. ყველას ეგონა, რომ საქართველო უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად იყო ჩამოსული, მაგრამ საქართველომ აჩვენა, რომ დიდ ტურნირებზე თამაში შეუძლია და აქ დამსახურებულად ვართ“, - განაცხადა წიტაიშვილმა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 30 ივნისს კიოლნში ჩატარდება.