ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრების გამარჯვებას საერთაშორისო მედია ეხმიანება. BBC წერს, რომ საქართველომ ისტორია დაწერა და ევრო 2024-ზე, პორტუგალიასთან გამარჯვებით, პირველ მსხვილ სატურნირო ეტაპს მიაღწია.
ისტორიული ევრო შოკი - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია Reuters-მა. „ქვეყნის ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე ასპარეზობისას, საქართველომ ევრო 2024-ზე გულშემატკივრების გული დაიპყრო თავისი უშიშრობითა და მაღალი ინტენსივობის ფეხბურთით“ , - წერს CNN.
„საქართველო -2, პორტუგალია-0 - ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება და დიდებული კვარაცხელია" - ამ სათაურით სტატიას The New York Times-ი აქვეყნებს. Yahoo Sport წერს, რომ საქართველომ ევრო 2024-ზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი შედეგი დააფიქსირა, როდესაც პორტუგალია 2-0 დაამარცხა.
„ეს იყო ღამე, როდესაც საქართველო მომდევნო ეტაპზე გავიდა მთავარ ტურნირზე პირველი გამოსვლით პორტუგალიასთან ბრწყინვალე გამარჯვების წყალობით და რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ იყვნენ ისტორიის სანახავად, - წერს Guardian-ი.
Deutsche Welle -მ სტატიაში გიორგი მამარდაშვილი გამოყო და დაწერა, რომ საქართველომ დაამარცხა პორტუგალია რონალდუსთან ერთად და სენსაციურად გავიდა ევრო 2024-ის პლეიოფში.