საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლიდან გახლავთ და ზოგჯერ ადვილი არ იყო სხვადასხვა საკითხის განხილვა, თუმცა ყოველთვის ნათელი იყო, რომ საქართველო მიემართებოდა ევროპისკენ და პატივს სცემდა ჩვენს ღირებულებებს. მე არ ვიცი, რატომ განუდგა ამ გზას საქართველო, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებელმა, ფრანკ შვაბემ განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეა ევროპული საბჭო ღირებულებების დამცველია და ამიტომ უგზავნის სიგნალს საქართველოს.
„შეშფოთებულები ვართ: თუ ბატონი ივანიშვილი საუბრობს გარე ზეგავლენაზე, ვის გულისხმობს? ჩვენ ალბათ, ხომ? ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ჩვენ გვგულისხმობს და ჩვენი ზეგავლენა არ მოსწონს...
ჩვენი ყველაზე დიდი შეშფოთება გახლავთ 26 ოქტომბრის არჩევნები, მე ვსაუბრობდი ორშაბათს იმ ქვეყნებზე, რომლებსაც სურთ იყვნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრები, მაგრამ არ სცემენ პატივს ჩვენს ღირებულებებს. რომ გახდე დემოკრატიული ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ შენ შეიძლება წააგო არჩევნები. თუ ჩაერევი ცესკოს მუშაობაში არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე და უარყოფ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, ეს ჩვენს შეშფოთებას ზრდის. ეს ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ყუთებზე ამომრჩევლებს კონტროლს აკარგვინებ. ჩვენ ვუჭერთ მხარს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა აკონტროლებდეს საარჩევნო ყუთებს. მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, აკონტროლოს საარჩევნო ყუთებთან შექმნილი პროცესები. გავაგზავნით დიდ სადამკვირვებლო მისიას და გავაკეთებთ ჩვენს საქმეს. კვლავ ღია ვართ კომუნიკაციისთვის, მაგრამ ვაგზავნით ნათელ გზავნილს: ნუ უთხრით ძირს ჩვენს ინსტიტუტებს, ნუ ესხმით თავს ვენეციის კომისიას, დაუბრუნდით ევროპისკენ გზას“, - განაცხადა შვაბემ.