ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საპარლამენტო უმრავლესობამ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კენჭი თავდაპირველად პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეყარა, რომელიც პარლამენტმა არ გაიზიარა - მის წინააღმდეგ ხმა 63-მა დეპუტატმა მისცა. შემდეგ კი კენჭი უყარეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს და ის თავდაპირველი რედაქციით მიიღეს, მის სასარგებლოდ ხმა 78-მა დეპუტატმა მისცა.

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები 30 მაისს დაამტკიცა. 80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. "ანტიჩიხური მექანიზმი" დაწესდა.

მიღებული კანონპროექტის მიხედვით, „საარჩევნო კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, თუ ცესკო-ს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკო-ს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკო-ს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკო-ს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში, ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკო-ს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

ცვლილებით ასევე განისაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება, მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.