იმის თქმა, რომ საქართველო ევროპაში ვერ შევა, უბრალოდ, ქართველ ხალხს ატკენს გულს. „ქართული ოცნებისთვის“ კი სულ ერთია, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ექსპერტმა, ლინკოლნ მიტჩელმა TV-24 -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკაში ტრამპის გამარჯვება ძალიან დააზიანებს საქართველოს, იმ კუთხით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არ გააკეთებს განცხადებებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„მთავარი მიზანი ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში იქნება, ის, რომ გაათავისუფლოს გამოცდილი კადრები თავდაცვის უწყებიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ეს ძალიან დააზიანებს საქართველოს, იმ კუთხით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არ გააკეთებს განცხადებებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შემდეგია - თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ის ამერიკის შეერთებული შტატების დესტაბილიზაციას მოახდენს. ამერიკა ვეღარ შეძლებს ძლიერი ნაბიჯების გადადგმას, არ ვგულისხმობ ომს ან კონფლიქტს. საუბარი მაქვს პოლიტიკის გატარებაზე. რაც შეეხება თქვენს ქვეყანას.
ამერიკას და ევროპას არც თუ ისე ბევრი საშუალება აქვთ საქართველოზე გავლენის მოსახდენად. იმის თქმა, რომ საქართველო ევროპაში ვერ შევა, ისეთი მთავრობისთვის, რომელსაც ეს ისედაც არ სურს, ხელისუფლებას ვერ დააზიანებს. ეს უბრალოდ, ქართველ ხალხს ატკენს გულს. „ქართული ოცნებისთვის“ კი სულ ერთია“,- განაცხადა მიტჩელმა.