პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში გაგზავნილი ჰყავს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი „პერსონალურ შიკრიკად“, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა და ყოფილ პრემიერს ზრდილობასთან ერთად, ლოგიკაც დაუწუნა.
„არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და ნულს ქვემოთ, იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა - რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს!“,- განაცხადა ვოლსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ის პირი, ვისზეც გახარიამ ისაუბრა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილია და რატომ არ გაავრცელა აღნიშნული ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია თავად სუს-მა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ:
„მსოფლიოში არსებული საკმაოდ რთული ვითარება, ასევე, სამსახურების სპეციფიკა, შესაძლოა, იმასაც ითვალისწინებდეს, რომ ამაზე წინასწარი პრესრელიზი არ გავრცელდეს“.
რაც შეეხება ლილუაშვილი ვიზიტის დეტალებს, მოიპოვა თუ არა მან ინფორმაცია აშშ-ს მიერ დასანქცირებული პირების შესახებ, ვოლსკი ამბობს, რომ პარტნიორებთან გაცილებით უფრო სიღრმისეული საკითხებია განსახილველი, რაც უსაფრთხოებას ეხებ.
„სპეციალურ სტრუქტურებს - თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურებს შორის ძალიან ინტენსიური, მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, რაც მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ ეხება. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლის, სხვადასხვა საფრთხეების დაძლევის მიმართულებით. თუ ლილუაშვილი აშშ-ში ამასთან დაკავშირებით იმყოფებოდა, არ ვიცი, ამას შიკრიკი რატომ ჰქვია. უშიშროების სამსახურს რაც ევალება, იმას აკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.