ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

Politico: ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რათა ნატომ უარი თქვას უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამზადებს ნატოსთან მომავალი ურთიერთობის გეგმას, რომლის განხორციელება პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევის შემთხვევაში სურს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემის წყაროებს შორის არიან ტრამპის გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის ექსპერტები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდნენ.

დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების მიმართ, რომლებიც ალიანსის დასაფინანსებლად ამერიკის შეერთებულ შტატებზე გაცილებით ნაკლებ თანხას ხარჯავენ და არც ის გამოურიცხავს, რომ ალიანსის წევრობაზე უარს იტყვის.

Politico-ს წყაროების თანახმად, პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა ნატოსთვის ცვლილებების გარეშე არ დასრულდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპი ოფიციალურად არ გადაწყვეტს ალიანსიდან გასვლას.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის კონსულტანტების გუნდში მიმდინარე მსჯელობის შესახებ ინფორმირებულმა ექსპერტმა დენ კოლდუელმა მოსალოდნელ ცვლილებებს „რადიკალური რეორიენტაცია“ უწოდა.

რაც შეეხება უკრაინას, გამოცემის ორი წყაროს თანახმად, ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლის თანახმად, ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებასა და ახალ წევრებად უკრაინის და საქართველოს მიღებაზე. გარდა ამისა, ტრამპს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აქვს მოლაპარაკება იმის შესახებ, უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის თავისთვის დატოვება შეუძლია მოსკოვს.

რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს ყირიმი, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილი. ომის დაწყებამდე რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ნატოს უარი ეთქვა უკრაინის გაწევრების გეგმაზე. უკრაინას თავის მიზნად გამოცხადებული აქვს როგორც ნატოს წევრობა, ისე ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.