„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მოიცავს უმძიმეს ნაწილს, რომელიც „ოცნების“ პრორუსულ პოლიტიკას ეხება.
მისი თქმით, რეზოლუციაში კიდევ ერთხელ დაგმობილია ე.წ რუსული, აგენტების კანონი და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიდასავლური ქმედებები.
,,ქართული ოცნება” თავის ტრადიციას არ ღალატობს. ამ პარტიისთვის დამახასიათებელია სიცრუე, ტყუილები და არასწორი ინტერპრეტაცია. ეუთო-ს რეზოლუცია უკვე მიღებულია, გვაქვს ტექსტი, რომელიც მალე გავრცელდება. არც ერთი მსგავსი შინაარსის სიტყვები არ წერია ამ რეზოლუციაში, რასაც ვითომ ,,ქართული ოცნება” აპროტესტებს. სამაგიეროდ, არის უმძიმესი ნაწილი, რომელიც “ქართული ოცნების” პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეხება. კიდევ ერთხელ დაგმობილია ე.წ რუსული, აგენტების კანონი და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიდასავლური ქმედებები ამ რეზოლუციაში ასახულია მკვეთრად უარყოფითი ფორმით”, - აღნიშნა გოცირიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს.