ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

დეკლარაცია იმეორებს მოწოდებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დეკლარაციაში.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს.

„გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში - იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია“, - წერია დეკლარაციაში.

2 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს.