ბოლნისში, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი გორში გადაასვენეს.
კახაბერ ზურაბაშვილი შაბათს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით, სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.
მათივე ცნობით, წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.