ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბოჭორიშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: შემოთავაზება იყო, რეზოლუციაში ჩაწერილიყო ფორმულირება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სახელწოდებით „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ საქართველოსთან დაკავშირებით შესწორებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამერიკული დელეგაციის მხრიდან არსებობდა შემოთავაზება, რეზოლუციის ტექსტში ჩაწერილიყო ფორმულირება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს და ეწინააღმდეგება ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ბრძოლას.

მისივე განმარტებით, კომიტეტის ფარგლებში ეს ტექსტი დამტკიცდა, თუმცა ბოლო მომენტში გაწვეულ იქნა აღნიშნული ჩანაწერი რეზოლუციიდან. ჩანაწერის გაწვევის მიუხედავად, თავად ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია.

„ასეთი რეზოლუციები როცა მუშავდება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, საქართველოს საკითხი სწორად იყოს ასახული. ახლაც ვეცადეთ და რამდენიმე შესწორება სწორედ რუსეთთან კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივით შევიდა ტექსტში. თუმცა ამერიკული დელეგაციის მხრიდან არსებობდა შემოთავაზება, ტექსტში გაჩენილიყო ისეთი ფორმულირება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ბრძოლას, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ეს არის კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის და არა ქართველებსა და აფხაზებს ან ქართველებსა და ოსებს შორის. სწორედ ამ ნარატივით იყო წარმოდგენილი ეს ცვლილება, რაზეც ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი რეაქციები როგორც კომიტეტზე, ისე სესიის ფარგლებში, გვქონდა ასევე რეაქცია საელჩოების მეშვეობით და კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, რომ არ შეიძლებოდა მსგავსი ტექსტით რეზოლუციის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის ფარგლებში ეს ტექსტი დამტკიცდა, საბოლოო ჯამში, ბოლო მომენტში, ამერიკის დელეგაციის გადაწყვეტილებით, გაწვეულ იქნა ეს ჩანაწერი რეზოლუციის ტექსტიდან, თუმცა თავად ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია.

ჩვენი ამდენი ხნის ძალისხმევის ფონზე, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტში ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების იმედი აქვს – და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს – ასეთ მომენტში, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან როცა ხდება ისეთი პოზიციების გაჟღერება, რომელიც ამყარებს რუსულ პოზიციებს, შემაშფოთებელია. ამ შემთხვევაში, საბოლოოდ, მოვახერხეთ, დაგვერწმუნებინა ყველა, რომ არ შეიძლებოდა ასეთი ჩანაწერის გაჩენა საბოლოო დოკუმენტში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.