რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერებაზე განცხადება მიიღეს. ამასთან, მოსკოვი მოსაკრებლის გადახდასსაც წყვეტს.
„მიკერძოებული დისკრიმინაციული მიდგომები, ორმაგი სტანდარტები და ტოტალური რუსოფობია, საგნობრივი დისკუსიისთვის, მათ შორის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიისთვის მზადყოფნის არქონა, ეუთოს საპარლამენტო ურთიერთობის მექანიზმის უკიდურეს დეგრადაციაზე მიუთითებს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსმა პარლამენტარებმა არსებულ სიტუაციაში „ბოლო წერტილად” რუმინეთის ქმედება მიიჩნიეს. რომელმაც ბუქარესტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზები არ გასცა.
რუმინეთმა რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემაზე უარი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო განაცხადა.
რუსეთს არ მიუღია მონაწილეობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მინიმუმ ოთხ შეხვედრასა და სესიაში: დიდ ბრიტანეთში 2022 წელს, კანადასა და სომხეთში - 2023 წელს და წელს - ავსტრიაში. ლეონიდ სლუცკიმ, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, თებერვალში განაცხადა, რომ ასამბლეის მუშაობის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის წევრები „არსად არ ყოფილან მიწვეული".