უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ შესწორების გარეშე ტექსტი ნორმალური იყო, შემდეგ შეიტანეს შესწორება, შეარბილეს რუსეთის ნაწილი და ცალკე, ყოველგვარი არასწორი ციტირებით შეიტანეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.
მისივე თქმით, რეზოლუციაში დამატებული იყო საკითხი, სადაც ეწერა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდება.
„რატომღაც ხდება ისე, რომ როდესაც უკრაინას, რაღაც სხვა საკითხებს ეხება საქმე, ყველა ჩვენგან ითხოვს, რომ საკუთარი თავის გადადების ფასადაც უნდა ვიყოთ რადიკალურები, რასაც ხშირად ვაკეთებთ და ეს რეზოლუციებში და შესაბამის ტექსტებში ჩვენი მხარდაჭერითაც აისახება ხოლმე. მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესებს, ჩვენი ინტერესების გატარებას რეზოლუციაში, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთისთვის ოკუპანტის დაძახებას ევროპის ოფიციალურ ტექსტებში, იქ რატომღაც ვიღაცები გამოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც ამას აიგნორებენ. კიდევ უარესს აკეთებენ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რომ ჩაწერეს, არც “ე.წ” დაუწერიათ და არაფერი - ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ ასეთი ტექსტი საერთოდ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ ამაში. ამ შესწორების გარეშე ეს ტექსტი ნამდვილად ნორმალური იყო, შემდეგ შეიტანეს შესწორება, შეარბილეს რუსეთის ნაწილი და ცალკე, ყოველგვარი არასწორი ციტირებით შეიტანეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ტექსტს, რა თქმა უნდა, ხელს ვერ მოვაწერდით და ვინც მოაწერა იმასაც შეეშალა.
იქ [რეზოლუციაში] თუ რუსეთის ჯარების გაყვანაზე ეწერა, პარალელურად რუსეთის მიმართ „ოკუპანტი” და სიმკაცრე, რომელსაც ვითხოვდით, არ იყო გამოვლენილი. ამასთან ერთად დამატებული იყო საკითხი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდება”, - აღნიშნა დავითულიანმა.
„ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია და სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.