საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში მდებარე რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიიღო.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა და აღნიშნა, რომ არასდროს შეხვედრია პატრიარქს და ეს მისთვის ბედნიერი დღეა.
„პირადად ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა, რადგან არასდროს შევხვედრივარ პატრიარქს, ძალიან მინდოდა და ბედნიერი ვარ დღეს“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანიაში გამოჩნდა ის ქართული ძალა და სული, რომელიც ქართველ ერს აქვს და რომელიც მსოფლიომ დაინახა.
„რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ალბათ, არავინ არ ელოდებოდა, რომ აქამდე გავიდოდით და ასეთ თამაშებს ვაჩვენებდით. დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ სათითაოდ ყველას, რომ გვედექით გვერდში ამ რთულ თამაშებში.
მადლობა მთლიანად საქართველოს, რადგან გერმანიაში გამოჩნდა ის ქართული ძალა და სული, რაც ქართველებს გვაქვს და ეს მე ვიცოდი, ეს ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ვაჩვენეთ მსოფლიოს, ამის გამო დიდი მადლობა“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.