ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

4 ევროპარლამენტარი ბორელს მიმართავს, შემუშავდეს სანქციები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და „აგენტების კანობის“ მომხრე დეპუტატების წინააღმდეგ

ევროპარლამენტართა ჯგუფი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მიმართავს და მოუწოდებს, შემუშავდეს სანქციები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც „აგენტების კანონს“ უჭერენ მხარს. წერილს ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გვსურს, დაგისვათ შემდგომი სასწრაფო კითხვები: „27 მაისს დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წინ, შესთავაზებს თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი შემზღუდავი მიზნობრივი ზომების დაწესებას ბატონი ივანიშვილის, ბატონი კობახიძის და ბატონი პაპუაშვილის წინააღმდეგ, ასევე ამგვარი ზომების ამოქმედებას საქართველოს პარლამენტის ყველა იმ წევრისთვის, ვინც ხმას აძლევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და საქართველოს პრეზიდენტის პოტენციური ვეტოს დაძლევის სასარგებლოდ?

დაავალებენ თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი და სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი საგარეო ქმედებათა სამსახურს და გენერალურ დირექტორატს შესაბამისად, შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობები საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანი არ არის კანონის გაუქმება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად გადანაწილებით და ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების გახსნისგან თავშეკავებით, ვიდრე კანონი ძალაში იქნება?

იღებს თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი კანონის დამტკიცების შემდგომ ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარების ვალდებულებას, რათა გამოხატოს ევროკავშირის მხრიდან გმობა და გადასცეს ზემოთ ხსენებული ზომების მიღების განზრახვა, იქნება თუ არა განხილული ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა?“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტის წევრები, თიის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი.