ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პრეზიდენტი: ქვეყანამ არასოდეს არ უნდა დაივიწყოს, პარტნიორებმა რამდენ დარგში, რამდენი სფეროს განვითარებისთვის და რამდენ პროექტში გაუწოდეს ხელი

ორბელიანების სასახლეში ,,ევროპა ნოსტრას“ მიერ დაჯილდოებული პროექტის, „ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში“ მონაწილეების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა, პროექტის მნიშვნელობასა და მის განხორციელებაში საერთაშორისო ფონდებისა და პარტნიორების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

დღეს ძალიან სასიხარულო დღეა და ძალიან სასიხარულო სიახლე გვაქვს - ჯილდოვდება ,,ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული პროექტი, რომელიც პირიქითა ხევსურეთში კოშკის აღდგენას ითვალისწინებდა.

,,ევროპა ნოსტრამ“ საქართველოს რამდენჯერმე უკვე მიანიჭა პრემია სხვადასხვა მიმართულებით და ეს ჩვენთვის თითქოს უკვე ჩვეულებრივი (არა-ჩვეულებრივი, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავი) და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ეს ეხება კულტურას და ჩვენ კულტურით პრაქტიკულად უკვე შესული ვართ ევროპაში. ,,ევროპა ნოსტრა“-  ეს არის მართლაც ჩვენი ევროპა და ყოველ ჯერზე, როცა საქართველო ამა თუ იმ მიმართულებით, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებითაა აღიარებული, ერთი ნაბიჯით წინ მივდივართ ევროპისკენ და ევროპა გვცნობს ჩვენ.

ეს პროექტი იმ კუთხითაც აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, პირველ რიგში, საზოგადოებისა და თემის ჩართულობას, როგორც ამ პროექტის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ასპექტს. და მართლაც, ჩვენთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატია სწორედ ესაა, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ბევრად მეტად გვჭირდება - სხვადასხვა პროექტებსა და სხვადასხვა მიმართულებით სწორედ საზოგადოებისა და მოქალაქეების მეტი ჩართულობა.

ის, რომ ამ კოშკის აღდგენაში იქაურმა თემმა და ოჯახმა  დიდი წვლილი შეიტანა, ძალიან კარგი მაგალითია სხვებისთვის და ჩვენთვის ყველასთვის, პირველ რიგში, ახალგაზრდებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართული ჩვენი ევროპული მომავლის მშენებლობასა და აღდგენაში - ეს ჩვენი მთავარი მიზანი და გზაა.

მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ ალბათ, ეს პროექტი არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ევროპელი პარტნიორები. არც ჩვენ და არც ისინი არ ითვლიან 33 წლის განმავლობაში, ჩვენმა პარტნიორებმა სხვადასხვა დარგში სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის რამდენი მიმართულებით რამდენ პროექტში გაუწოდეს ხელი ჩვენს ქვეყანას - ეს ნორმალურმა ქვეყანამ არასოდეს არ უნდა დაივიწყოს და მე მჯერა, რომ ჩვენ ძალიან ნორმალური ქვეყანა  ვართ და ვიცით, რა არის მადლიერება.

ამ პროექტში მონაწილეობდნენ საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ასევე საერთაშორისო ფონდები და ეს ამ მხრივ ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო ერთობლივი პროექტი იყო და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. ყველასთვის ძალიან საინტერესოა კულტურების გაცვლა და ერთმანეთის უკეთ გაცნობა.

მე არ გავაგრძელებ ჩემს სიტყვას, ბევრად უკეთ ამას უფრო პროექტში ჩართული ადამიანები გვეტყვიან, ვნახავთ ფილმსაც, რომელიც ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს პროექტი ეხება პირიქითა ხევსურეთს, ანუ ჩვენს საზღვარს და ამით ის ძალიან ღირებულია. ჩვენ იქ უნდა ვიყოთ და არ დავცალოთ ჩვენი საზღვარი. დღეს ერთი კოშკი ძალიან ბევრს ნიშნავს, ის სოფლები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობენ, სადაც ჯერ კიდევ არიან, ან სადაც ზოგჯერ კიდევ ბრუნდებიან ადამიანები (და ამასაც ხელი უნდა შევუწყოთ), ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ და ამგვარ პროექტებში და გილოცავთ ყველას ამ ძალიან დიდ დღეს!

როგორც ცისკარაულების გვარის წარმომადგენელმა და პროექტის თანამენეჯერმა სალომე ცისკარაულმა განაცხადა, მისი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ ცისკარაულების საგვარეულო  კოშკი, რომელიც 2001 წელს რუსული ჭურვების შედეგად დაიბომბა, აუცილებლად აღდგენილიყო.

„როდესაც პროექტთან დაკავშირებით მარინე მიზანდარი დამიკავშირდა, პირველი კითხვა, რომელიც დავსვი იყო - თუ ვინ აფინანსებდა პროექტს. მითხრა, რომ ეს იყო ევროპული დაფინანსება და რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის უპირველესად ნიშნავდა ხარისხს, სტაბილურობას და გარანტიას იმისა, რომ ეს სამუშაო ძალიან ხარისხიანად შესრულდებოდა.

რომ არა ეს ევროპული დაფინანსება, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. ჩემზე კარგად თქვენ იცით, რომ მსგავსი რეაბილიტაციები, მსგავსი დაფინანსებები განსაკუთრებით, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის სფეროში, ძირითადად სწორედ ევროპიდან მოდის“, - განაცხადა სალომე ცისკარაულმა.

პროექტის ,,ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში“ ხელმძღვანელმა, მარინე მიზანდარმა აღნიშნა, რომ დიდი გამოცდილების შეძენა მოხდა ფრანგ და ბრიტანელ პარტნიორებთან ურთიერთობით. ასევე დიდი დახმარება გასწიეს ასოცირებულმა პარტნიორებმა პოლონეთიდან. ეს იყო არაჩვეულებრივი თანამშრომლობითი პროექტი. მთავარ გამწევ ძალას კი მოხალისეები წარმოადგენდნენ.

,,იქაურობის გაცოცხლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ადამიანები, ვინც დღეს იქ სახლობს არიან გმირები, მცველები. ეს მცველობა ძალიან რთული მისიაა დღევანდელ დღეს და მათ სჭირდებათ თანადგომა, სწორი განვითარება“ - აღნიშნა მარინე მიზანდარმა.

როგორც მოხალისე, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, ეს პროექტი იყო დიდი ერთიანობა ქვეყნის ისტორიის გაგრძელებისა და დაცვისთვის.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პროექტის „ცისკარაულების კოშკის  რეაბილიტაცია არხოტში“ თანამენეჯერი, სალომე ცისკარაული; პროექტის ხელმძღვანელი, მარინე მიზანდარი; ხელოვნებათმცოდნე, პროექტის მონაწილე, მანანა სურამელაშვილი; არქიტექტორი, ნანა მეფარიშვილი და პროექტის მოხალისე, გიორგი ბურჯანაძე.