უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
მედიის ცნობით, პუტინმა და ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომზე იმსჯელეს. კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ სურს, ორბანისგან ევროპელი პარტნიორების პოზიციაც მოისმინოს.
„იმედია, გვექნება შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ ევროპაში, კერძოდ კი უკრაინაში კრიზისის განვითარების პერსპექტივებზე. თქვენთვის ცნობილია ჩემი პოზიცია შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მზად ვარ, ნიუანსების შესახებ გესაუბროთ, და მოვისმინო როგორც თქვენი, ასევე ევროპელი პარტნიორების პოზიციაც“, - აღნიშნა პუტინმა.
თავის მხრივ, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სულ უფრო იკლებს ისეთი ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან საუბარი შეუძლიათ და როგორც ჩანს ძალიან მალე უნგრეთი ერთადერთ ასეთი ქვეყანა გახდება.
„მსურს მოვისმინო თქვენი პოზიცია ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებთნ დაკავშირებით. ისეთი ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც რუსეთთან და უკრაინასთან საუბარი შეუძლიათ, სულ უფრო მცირდება და მალე უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ასეთი ქვეყანა გახდება“, - განაცხადა ორბანმა.