უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს ფარგლებში უკრაინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაში, თუმცა არ დაბლოკავს მოკავშირეთა ძალისხმევას. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელიც ბუდაპეშტში ჩავიდა, უნგრეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თავის მხრივ ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ სამხედრო სფეროში ნებისმიერ ოპერაციაში მონაწილეობა შეიძლება იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი. მისივე თქმით, უნგრეთმა ნატოს გენერალური მდივნისგან მიიღო გარანტიები, რომლებსაც ითხოვდა.
იენს სტოლტენბერგის მოლოდინი აქვს, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან ნატოს წამყვან როლზე უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების უზრუნველყოფაში.
„ნატოს სამიტზე მე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან ნატოს წამყვან როლზე უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარებისა და უკრაინელი სამხედროების მომზადების უზრუნველყოფასა და კოორდინაციაში. ასევე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან გრძელვადიანი ფინანსურ მხარდაჭერაზე სამხედრო დახმარების მისაწოდებლად. პრემიერ-მინისტრმა ორბანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატო-ს ამ ძალისხმევაში და მე ვიღებ მის პოზიციას. ამავე დროს, პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება ამ ძალისხმევას და საშუალებას მისცემს სხვა მოკავშირეებს, წინ წაიწიონ“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ვიქტორ ორბანის თქმით, უნრეთი ნატო-ში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს.
,,უნგრეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს, დაბლოკოს ნატო-ში რამე გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა, ჩვენგან განსხვავებული იყოს. გენერალურ მდივანს მკაფიოდ განვუცხადე, რომ სამხედრო სფეროში ნებისმიერ ოპერაციაში მონაწილეობა შეიძლება იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი. შესაბამისად, უნგრეთმა მიიღო გარანტიები, რომლებსაც ის ითხოვდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტის ამ არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ომსა და მშვიდობას შორის იყო მისაღები და უნგრელმა ამომრჩეველმა გააძლიერა მთავრობის მანდატი, არ ჩაერთოს, არ მიიღოს მონაწილეობა ომში, რომელიც ნატოს მოქმედების სფეროს გარეთაა",- აღნიშნა ორბანმა.