ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იენს სტოლტენბერგი: ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს

„უცხოეთის აგენტების" შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ არ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის, - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტ, რიკარდ იოზვიაკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

„საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს "უცხოელი აგენტების შესახებ" საქართველოს არასწორი მიმართულებით მიჰყავს და შესაბამისად, ნატო-ს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოჰყვება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ მსგავსი საკითხი არ განხილულა.

„ეს საკითხი არ განხილულა და ჩვენი პარტნიორობა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგი პარტნიორობის ნაწილია და პრობლემების წამოჭრაც ამ პოლიტიკური დიალოგის ნაწილია“,- განაცხადა ნატოს გენმდივანმა.

რაც შეეხება კითხვას,  დარჩება, თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად? სტოლტენბერგი შემდეგნაირად პასუხობს:

„დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩვენ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს“.

პრაღაში 31 მაისს დასრულდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარებისა და მომავალი ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგის შესახებ მსჯელობდნენ.

მინისტერიალს რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია.