ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა. ისაკაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ლიანა ისაკაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს.
ცნობილი მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლიანა ისაკაძე 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი;
1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.