„გლობალური ომის პარტია“, სამწუხაროდ, არის კონკრეტული, ძალიან დიდი გავლენის მქონე ძალა, ისინი ახერხებენ, მაგალითად, შვეიცარიის ბანკის გაკოტრების ხარჯზე ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა მოაწყონ და იმას, რომ მილიარდები გააჩერონ, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად საკუთარ ფულს არ აძლევენ, ეს სანქცირებაა.
„შევთანხმდეთ ასე, რომ თქვენი შეფასებით, რადგან ფორმალურად სანქცია არ ადევს ბიძინა ივანიშვილს - ბიძინა ივანიშვილის ორი მილიარდი დოლარი გაჩერებულია ბანკში და სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, ამ ფულს არ აძლევენ, ეს თქვენი აზრით სანქცია არ არის, კერძო დავააო, გასაგებია. ორი მილიარდის გაჩერებას სასამართლოს გადაწყვეტილების, სამართლებრივი სისწორის საწინააღმდეგოდ, თქვენ არ ეძახით სანქცირებას. მე ვეძახი. გაუჩერეს ორი მილიარდი, საკუთარი ფული და თქვენთვის ეს სანქცირება არ არის, ჩემთვის არის. ჩვენთვის სანქცირებაა და ყველა ობიექტურად მოფიქრალი ადამიანისთვის, ეს არის სანქცირება. როდესაც ასეთი უსამართლო რაღაცები ხდება, ამის უკან ვიღაც დგას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.