ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

Freedom House: „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახების წევრებს დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეს შეზღუდვები და სანქციები, თუ კანონს მიიღებენ ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განცხადებას აქვეყნებს და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თუ ამ კანონის მიიღებენ, ის ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს და მიაწვდის ხელისუფლებას ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაჯარიმებლად, ან სხვაგვარად დასასჯელად, რომელთა საქმიანობასაც ისინი არ ეთანხმებიან.

„ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით - და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას „ქართული ოცნების“ მიმართ : დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, Freedom House-ი გმობს მიმდინარე რეპრესიებს და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც თბილისის ქუჩებში გავიდნენ ამ კანონპროექტის გასაპროტესტებლად - მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიების გამოყენებას და მასობრივ დაპატიმრებებს.

„ღრმად შეშფოთებული ვართ მუქარებით და თავდასხმებით ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ფიგურების, და მათი ოჯახების მიმართ. ამგვარი რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის - და განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე სახელმწიფოსთვის.

გამოვდივართ დაუყოვნებელი და კოორდინირებული მოქმედების მოწოდებით აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან, რათა შეიზღუდოს მზარდი რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ შემოთავაზებული კანონის ვენეციის კომისიის მიერ შეფასება, ევროპულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად. თუ კანონს მიიღებენ ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე, ან მისი დასკვნების გამოქვეყნებამდე, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახების წევრებს დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეს მოგზაურობაზე შეზღუდვები და ფინანსური სანქციები.

ესაა კრიტიკული მომენტი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის. დემოკრატიული მთავრობები საქართველოს ხალხის გვერდით უნდა დადგნენ და უნდა გაგზავნონ მკაფიო მესიჯი, რომ ქართული ოცნების ამჟამინდელი ნაბიჯები მიუღებელია", - წერს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Freedom House-ი საგანგებო განცხადებაში.