სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მენტორ მასწავლებლმა, მანანა მიქავამ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს მომატებული ხელფასი, 157 ლარის ოდენობით, უკან გადაურიცხა და ურჩია, საათზე ელემენტი შეეცვალა.
„ამილახვარს ყოველ თვე გადავურიცხავ შემწეობას! საათზე ელემენტს თუ შეცვლის ჩემს სახელზე! ჩემი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას, ეს შემწეობა მივიღო ყოველ თვე, 2 წლის მანძილზე“, - დაწერა მან ფეისბუქზე და თანხის გადარიცხვის ქვითარიც გამოაქვეყნა.
მანანა მიქავამ ამ ფორმით განათლების სამინისტროს მიერ ამოქმედებული ახალი სახელფასო ფორმულა გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც პედაგოგების ნაწილს ხელფასის გაზრდის ნაცვლად ხელფასი დააკლდათ, ან უმნიშვნელოდ გაეზარდათ.
განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული გაზრდილი ხელფასები მასწავლებლებს პირველი ივლისიდან უნდა მიეღოთ.