ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი: ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ფონზე საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ არ წაიწევს

მე ვიყავი მხარდამჭერი, რომ საქართველოს მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი გასული წლის ბოლოს. კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უნდა განხორციელებულიყო კონკრეტული რეფორმები, მომხდარიყო დეპოლარიზაცია და ა.შ. - რასაც საქართველოს მთავრობის ქმედებების სახით ვხედავთ, სამწუხაროდ, ამ კურსიდან გადახვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ბუნდესტაგის წევრმა, რობინ ვაგენერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის შეშფოთებულია ე.წ. გამჭვირვალობის კანონის გამო, რომელიც რეალურად ანტი-ენჯეო კანონია.

„ვწუხვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და მათ შორის გერმანიის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა არ გაითვალისწინა. ეს კანონი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს. თუ ქვეყანას ევროკავშირის წევრობა სურს, მის ინტერესებში უნდა შედიოდეს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, მაგრამ ეს კანონი სრულიად საპირისპიროს ითვალისწინებს. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეკრათ ის იარლიყი, რომ ისინი უცხოურ ინტერესებს იცავენ, მაშინ როდესაც ისინი შესაძლოა საქართველოს ინტერესებს ატარებდნენ. ასევე პრობლემატურია საარჩევნო კანონში შეტანილი ცვლილებები და კანონპროექტი, რომელიც დისკრიმინაციულია ლგბტქ თემის მიმართ. ეს ყველაფერი მიმდინარეობს უპრეცედენტო რიტორიკის ფონზე, რომელიც დაფუძნებულია დეზინფორმაციაზე, კონსპირაციის თეორიებზე და ა.შ. - ეს რიტორიკა მიმართულია არა მხოლოდ ოპოზიციის წინააღმდეგ, არამედ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგაც. ქართველ ხალხს სურს ევროკავშირის წევრობა და როდესაც მოლდოვა და უკრაინა მოლაპარაკებებს იწყებენ, საქართველომ განზე გადგომა გადაწყვიტა ამ პროცესისაგან. მკაფიოდ ვიტყვი: ამ ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ფონზე საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ არ წაიწევს. ეს არა მხოლოდ გერმანიის მთავრობის, არამედ ევროკომისიის მოსაზრებაა. გარდა იმისა, გადავხედავთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების პროექტებს. ეს არის მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგი“, - განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა.