შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს დასმულ კითხვას, როგორ ახასიათებს სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, უპასუხა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, საქართველოს მთავრობამ უნდა განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის, რაც შეესაბამება ამას.
„ისეთი ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, არ შეესაბამება ქართველი ხალხის თვითგამოცხადებულ მისწრაფებებს. არა იმას, რასაც სხვა ქვეყნები ან შეერთებული შტატები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვითგამოცხადებულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის, რაც შეესაბამება ამას. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას სურდა ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან, როგორიცაა ნატო, მაგრამ ასეთი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც ტარდება, ხელისუფლების ასეთი ქმედება, მიმდინარე საქმიანობა, ეს არ შეესაბამება ამ გაცხადებულ მიზნებს. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს, მაგრამ რასაც ჩვენ ვამბობთ, არის ის, რომ ასეთი კანონი არა მხოლოდ არ შეესაბამება მათ საკუთარ მისწრაფებებს, არამედ, ფაქტობრივად, შეესაბამება იმ ტიპის რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც ჩვენ ვნახეთ სხვა რეჟიმებისგან, იქნება ეს კრემლი თუ სხვა“, - განაცხადა პატელმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ ასევე კითხვა დაუსვა თბილისში მიმდინარე აქციებზე ამერიკის ორი მოქალაქის დაკავებისა და ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რაზეც პატელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებდა.