ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შარლ მიშელი საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო იმედგაცრუებულია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე საქართველოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ძალიან იმედგაცრუებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. 

მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს

„მინდა გულწრფელი ვიყო, მე პირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი. მეორეც, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უმრავლესობა არ იყო, მაგრამ ერთობლივად, რამდენიმე ევროპელი ლიდერი დარწმუნდა, რომ ბევრი მიზეზის გამო ეს სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად, რომ დაგვერწმუნებინა რამდენიმე რეფორმის გატარებაში, რომლებიც აბსოლუტურად საჭირო იყო. და რამდენიმე კვირაში თვალს ვადევნებთ ამ კანონმდებლობის მიღების მცდელობებს. ვნახოთ, რას იზამს პრეზიდენტი, მან თქვა, რომ ვეტოს უფლება აქვს.

ამასთან, თვალს ვადევნებთ რიტორიკას, რომელიც არ არის პოზიტიური რიტორიკა, ასე ვიტყოდი. კონტაქტში ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.