იმედი გვაქვს, პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა შეაჩერებს ამ გიჟურ კანონპროექტს, – ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ, მედიაში გავრცელდა ბევრი ტყუილი და ერთ-ერთი ასეთი ტყუილია, როცა ისინი ამბობენ, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრი 2030 წელს.
„ასეთი კანონპროექტის მიღებით, რაც დღეს ვნახეთ, სამწუხაროდ, ეს არ იქნება შესაძლებელი. მინდა, ყველას შევახსენო, რომ 2030 წელს საქართველოს მთავრობა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა საქართველო არჩეული ევროკავშირის წევრად, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებს. ჩვენ სწორედ წევრ სახელმწიფოებს წარმოვადგენთ და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად შეუძლებელია, თუ ეს არის ის გზა, რომელიც მთავრობამ აირჩია. ასე რომ, ჩვენი ძლიერი გზავნილია – რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა შეაჩერებს ამ გიჟურ კანონპროექტს. არის სხვა პრობლემური კანონპროექტებიც, მაგალითად ლგბტქ კანონი, რომელიც ასევე ევროკავშირის ღირებულებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა სებასტიან ტინკინენმა.