ეს არის შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცების გამო. ამის შესახებ 11 სენატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ამერიკელი კანონმდებლების თქმით, ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას აშშ-თან და დააზარალებს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებებს.
როგორც სენატორები განმარტავენ, აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება შეიძლება, მოიცავდეს სანქციებს, სავიზო აკრძალვასა და აშშ-ის პირდაპირი დახმარების გადახედვას.
„ჩვენ პრემიერ-მინისტრ კობახიძისადმი მიწერილ წერილში გავაფრთხილეთ, რომ ამ კანონპროექტის მიღება აიძულებს კონგრესს, განიხილოს აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ, რათა ასახოს ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში. როგორც ადრე გავაფრთხილეთ, ეს ზომები შეიძლება, მოიცავდეს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, სავიზო აკრძალვას და აშშ-ის პირდაპირი დახმარების გადახედვას...
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბნელი დღეა, ჩვენ კვლავაც გვჯერა ქართველი ხალხის, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები: ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ბენ კარდინი, კრის კონსი, დიკ დურბინი, როჯერ ვიქერი, ტიმ კაინი, რიჩარდ ბლუმენტალი, პიტ რიკეტსი, ლინდსი გრაჰამი და ტომ ტილისი.