ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, „აგენტების კანონი“ შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ნატოსა და და ევროკავშირის გზაზე.
როგორც მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკუსვლაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.
„მჯერა, რომ საქართველო ამ გზას არ გადაუხვევს. ჩვენი მთავარი ამოცანა, რატომ ვიმყოფებით დღეს აქ, არის ის, რომ გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოსთვის, რადგან საქართველო იბრძვის დემოკრატიისთვის და მათი ევროპული მომავლისთვის. ეს მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იყოს ვინმეს მიერ ხელყოფილი...
ძალიან ცალსახად მინდა გითხრათ, უცხოელი გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტი და ზეწოლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, საქართველოს პროგრესს შეაფერხებს ნატოსა და ევროკავშირის გაერთიანების გზაზე. თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა სტრასბურგში მის განცხადებაში: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი" - დიახ, თქვენ ხართ!", - თქვა ლანდსბერგისმა.
ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში ჩამოვიდნენ.