ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „აგენტების კანონი“ არღვევს ადამიანის უფლებებს - ევროკავშირს აუცილებლად ექნება რეაქცია

საქართველოს ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში, ეს პრინციპული არჩევანია და ხალხის გადასაწყვეტია, რა მომავალს აირჩევს - ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, თუ სადაა მათი მომავალი. მინისტრმა „აგენტების კანონზე“ თქვა, რომ ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროკავშირის გზას

„ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებებს, ყველაფერს, რასაც ევროკავშირი იცავს. ეს კანონი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროკავშირის გზას. ეს არის ცვლილება, რომელზეც ევროკავშირს აუცილებლად ექნება რეაქცია. ევროინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, როდესაც რეფორმებს ატარებ, იღებს სარგებელს, როგორიცაა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა ან შესაძლებლობა, გახდე ევროკავშირის წევრი. როდესაც საქართველო უკან იხევს, თქვენ დაკარგავთ ამ რაღაცებს. ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, რეპრესიების შემთხვევაში ევროკავშირი, როგორც წესი სანქციებს აწესებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ვიზიარებთ საქართველოს მოსახლეობის შეხედულებას, რომ საქართველოს ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში. ეს პრინციპული არჩევანია და საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია რა მომავალს აირჩევს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში ჩამოვიდნენ.