პუტინის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ტელეგრამის საკუთარ არხზე ეხმაურება და ამბობს, რომ გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში სიტუაციის შერყევას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ესმის, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია, რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა და დასავლური ლიბერალური ტექნოლოგიების დანერგვა, ქვეყანას კრახამდე მიიყვანს.
„აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში სიტუაციის შერყევას, ოპოზიციის რეაქციული ქმედებებისთვის მობილიზებას ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ლიბერალურ, დასავლეთურ და ანტისახალხო რეფორმებს ეწინააღმდეგება.
ატლანტიკოსებს სურთ, რომ საქართველო მოლდოვასა და სომხეთის გზას დაადგეს, რომლებიც ევროინტეგრაციის გამო დასავლეთის ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ.
მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ესმის, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია, რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა და დასავლური ლიბერალური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც ქართველებს რუსებისა და სხვა ხალხების წინააღმდეგ განაწყობს, ქვეყანას კრახამდე მიიყვანს.
ოპოზიციის პროვოცირების მიზნით დასავლეთმა ღიად კრიმინალურ ქმედებებს მიმართა - სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირი მნიშვნელობით ერევა ჯერ კიდევ თავისუფალი საქართველოს საქმეებში", - წერს რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი.