ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 4 ევროპელი მინისტრის მისვლა „შეურაცხყოფა" იყო.
ღარიბაშვილის მტკიცებით, "ეს არის წითელი ხაზი" და არა გვერდში დგომა.
„ყველამ იხილეთ ევროპის რამოდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი...
ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, შეხვდა პრემიერმინისტრიც, მე მგონი პარლამენტის თავმჯდომარეც, ყველა შეხვდა ჩვენი გუნდიდან და მათთან გაიმართა ეს დისკუსია. მე მგონი შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ცალკე. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ადამიანები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. აი, რა ჰქვია ახლა ამას თუ არა ასეთი შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში? შეურაცხყოფაა, აბა, რა არის?
თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელ საქართველოს. მიუღებელია, რომ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მით უმეტეს, დიპლომატი. ეს დაუწერელი კანონია, მეგობრებო. ეს არის წითელი ხაზი. და როცა გამოდიან და რაღაც ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს არის მიუღებელი. რა გვერდში დგომა, რას მელაპარაკებით, რისი გვერდში დგომა, ეს არის უხეში ჩარევა, ეს არის დარღვევა ყველაფრის საერთოდ. და ამ დროს გველაპარაკებიან მეგობრობაზე," - აცხადებს ღარიბაშვილი.