ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შალვა პაპუაშვილმა მაიკლ როთს ქარაფშუტა პოლიტიკოსი უწოდა

ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ყველაფერს ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები საქართველოში, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, ვერც აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის განცხადებას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი ქვეყნისგან მოჰყვეს შეფასება იმ ქმედებას, რაც გუშინ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ სამწუხარო ფაქტი, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები და კომიტეტის თავმჯდომარეები გამოვიდნენ ანტისამთავრობო მიტინგზე. ეს იყო ყველაზე კარგი ილუსტრაცია უცხოური გავლენების. ჩვენ გუშინ ვიხილეთ უცხოელი აქტორები, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიოდნენ სიტყვით. უცხოელი გამოდის ანტისამთავრობო მიტინგზე, რომელიც მის მიერ დაფინანსებული „ენჯეოსგან“ არის დაფინანსებული... წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება გერმანიაში აფინანსებდეს „ენჯეოებს“, მათ მოაწყონ დემონსტრაცია, იქ ჩავიდეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ნიკოლოზ სამხარაძე და სამთავრობო პარტიას ეძახოს კოშმარი, რაც გააკეთა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლიტვის კომიტეტის თავმჯდომარემ. წარმოგიდგენიათ, რა პასუხი ექნებოდა ნიკოლოზ სამხარაძეს ვილნიუსში ან ბერლინში ასე რომ გამოვიდეს და იმ „ენჯეოს“ ბედი რა იქნებოდა, რომელიც ასეთ მიტინგს მოაწყობდა, იქ თავის დამფინანსებელ პოლიტიკოსებს ჩაიყვანდა. აბსურდია ეს სქემა და ამას ჩადიან ევროპელები საქართველოში. ეს არის აღმაშფოთებელი განსაკუთრებით იმ ორი ადამიანის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.