ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საპატრიარქო მაიკლ როთის განცხადებაზე: ეს არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა

საქართველოს საპატრიარქო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მაიკლ როთის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როთმა საკუთარი განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან, რაც არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან ეკლესიის სტიგმატიზაციის სამწუხარო მცდელობა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკლესია მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირების აღმოფხვრას.

„გუშინ საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმართა შორის იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომლის განცხადებამაც უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით – მორწმუნეთა შორის. მან თავის განცხადებაში ბრძანა: „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა?!“

ეკლესია მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირების აღმოფხვრას. მან კი ამ განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან. ეს არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში.

გვსურს, ვუპასუხოთ ბატონ მიხეილს, რომ ჩვენ არ ვყოფთ არც ახალგაზრდებს და არც ასაკოვან ადამიანებს იმის მიხედვით, ვინ რა პლატფორმაზე დგას. ჩვენი ახალგაზრდები ეკლესიის წევრები არიან, მის წიაღში იყვნენ და არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც. ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.

ამდენად, ბატონი მიხეილის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.