მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მიერ „აგენტების კანონის“ მხარდამჭერთა სანქცირებაზე საუბარს „მუქარასა“ და „შანტაჟს“ უწოდებს.
მისივე თქმით, მუქარა თუ შანტაჟი არ არის შედეგის მომტანი.
ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პარტნიორებთან დიალოგი აუცილებელია და ეს უნდა გაგრძელდეს.
„რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, აუცილებელია დისკუსია, დიალოგი, ეს ყოველთვის უნდა გაგრძელდეს. სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ ხალხს, საერთოდ ეს მიდგომა უკვე არასწორია. ერთი მხრივ, ჩვენ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა, მეორე მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ ასეთი განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმა, საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ თუკი კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს.