ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იურისტი გურამ იმნაძე გვირჩევს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, გურამ იმნაძე განმარტავს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, საგამოძიებო უწყებაში დაბარების შემთხვევაში.

როგორც ის სოციალურ ქსელსი წერს, ერთადერთი მიზანი ისევ ხალხის დაშინება და დაზაფვრაა, იმიტომ რომ სატელეფონო მუქარებმა და ფიზიკურმა ძალადობამ, როგორც ჩანს, არ იმუშავა.

„საგამოძიებო უწყებებში ადამიანების დაბარებაზე:

პირველ რიგში, ეცადეთ, რომ როდესაც დაგიკავშირდებიან ტელეფონზე, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიკითხოთ გამომძიებლისგან - რა საქმეზე ხდება დაბარება, რომელი მუხლით მიმდინარე გამოძიებაზე, რა თარიღში ჩადენილ დანაშაულზე და ა.შ... (სავარაუდოდ, ყველა ამ კითხვაზე პასუხებს ვერ მიიღებთ, მაგრამ რაც მეტად იქნებით ინფორმირებული, უკეთესი).
გვახსოვდეს, რომ ყველას გვაქვს უფლება გამოკითხვაზე არ გამოვცხადდეთ (საგამოძიებო უწყებაში მისვლა ნებაყოფლობითია). უარის შემდეგ, სამართალდამცავებს შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ თქვენი დაკითხვის თაობაზე და თუკი სასამართლო დაგიბარებთ, იქ გამოცხადება უკვე სავალდებულოა.

გამოკითხვის/დაკითხვის პროცედურა როგორც წესი, არაა განსაკუთრებულად სტრესული და შესაბამისად, ამ ზარმაც თუ მოწვევამაც არ დაგზაფროთ. ჯობია, ჩვენების მიცემის დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ და მხოლოდ ის თქვათ, რაც ზუსტად და მკაფიოდ გახსოვთ რომ დაინახეთ/მოისმინეთ. ასევე, თუკი იცით, კონკრეტულად რა ამბავზე გიბარებენ, ჯობია მანამდე კარგად აღიდგინოთ ამ მოვლენებზე მახსოვრობა და კონკრეტულ ეპიზოდებში თქვენ სად იყავით.

ყველაზე ოპტიმალური მაინც ის არის, რომ დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდეთ (თუ არა და, წინასწარ მაინც გქონდეთ მასთან კონსულტაცია გავლილი).

და ბოლოს — ეს დაბარებებიც იმ ხაზის გაგრძელებაა, ჩვენ, ჩვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს უცხო ნომრებიდან რომ ურეკავდნენ იმის გამო, რომ აქციებზე ვიდექით. ამისი ერთადერთი მიზანი ისევ ჩვენი დაშინება და დაზაფვრაა, იმიტომ რომ სატელეფონო მუქარებმა და ფიზიკურმა ძალადობამ, როგორც ჩანს, არ იმუშავა“, - წერს იმნაძე.