ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩებს: ვნახეთ თავდასხმა ჩვენს პარტნიორებზე და მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ სიტყვების გამო, რაც თქვენი ქვეყნების მიმართ იქნა გამოყენებული

ვნახეთ თავდასხმა ჩვენს პარტნიორებზე და მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ სიტყვების გამო, რაც თქვენი ქვეყნების მიმართ იქნა გამოყენებული, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა ელჩებს მიმართა თხოვნით, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში საქართველოში ბევრი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდეს.

„თქვენ ის ქვეყნები ხართ, რომლებიც 30 წელზე მეტია - 33 წელია მხარს უჭერენ ამ ქვეყნის ყველანაირ განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კულტურულ ინფრასტურქტურას, ქართული იდენტობის დაცვას; ყველა ის პროგრამა, რომელიც თქვენმა ქვეყნებმა და თქვენმა არასამთავრობო, თუ კერძო ორგანიზაციებმა განახორციელეს იყო საქართველოს ინტერესში.

და ეს ისაა, რაც საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ მათი სახელით, მინდა ამისათვის ოფიციალურად მადლობა გადაგიხადოთ, რადგან (ყველგან რომც არ ჩანდეს) ეს ისაა, რასაც ხალხი ფიქრობს. ქართველებს არასდროს უგრძნიათ თავი რაიმე სახით თქვენი რომელიმე ქვეყნის მონობაში, ან თქვენი დომინანტობა (ბატონობა), განსხვავებით ჩვენი მეზობლებისგან.

ასევე, ადგილი აქვს პროვოკაციასა და ძალადობას კონსტიტუციაზე, რომელშიც, როგორც ყველასათვისაა ცნობილი, ძალიან ნათლადაა ნათქვამი რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე მკაფიოდ არ მომისმენია. მოულოდნელად ისე ჩანს, თითქოს სხვა მიმართულება აქვს საქართველოს. ასე რომ, ესაა კონსტიტუციაზე ძალადობა.

ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და ხელისუფლებასთან თქვენი კომუნიკაციისას ხაზი გაუსვათ მათ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით, პარტნიორებისა და მოსახლეობის მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ რიტორიკაზე. როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო, რომლებსაც შემდეგ ხელისუფლებისა და პარლამენტის ქვედა რგოლები საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმეორებენ.

ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილური გარემო, არჩევნებისკენ წასვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც ყველა იმ მიღებული კანონის შესწორების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ნაკლებ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, უკეთ უნდა აღიქვას რა არის მოსახლეობის ზოგადი ნება.

მინდა გთხოვოთ და ეს გზავნილია თქვენი ხელისუფლებებისთვის - ის პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან გადამწყვეტია, იქნება კანონის მესამე მოსმენა და ვფიქრობ, თარიღების არჩევის მეთოდიც ასევე, ცოტა პროვოკაციულია; ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღდგომის პერიოდში ხდება, რომელიც წესით გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის პერიოდი უნდა იყოს, თუმცა პირიქითაა. ბატონი ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენც მნიშვნელოვანი როლი გაქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობას დაანახოთ სტაბილურობა, დაანახოთ, რომ საქართველო მარტო არაა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს.

ჩემი თხოვნა სწორედ ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაა, შემდეგ, ვიცი რომ ევროპელებისთვის სხვა პერიოდი იწყება - ევროპული საპარლამენტო არჩევნების.