ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პოლონეთმა რუსეთთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებმა რუსეთთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ცხრა პირი დააკავეს, მათ შორის არიან კრიმინალური წარსულის მქონე პოლონეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ქალაქ ვროცლავში საღებავების ქარხნის დაწვა სცადეს. ამასთან, როგორც ირკვევა, მათ ანალოგიური გეგმები გააჩნდათ ბალტიისპირეთსა და შვედეთშიც. პოლონეთის სპეცსამსახურებმა მეგობარ ქვეყნებს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციები უკვე მიაწოდეს.

დონალდ ტუსკის განცხადებით, პრაქტიკულად არ არსებობს ეჭვი, რომ დივერსიების უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში განსაკუთრებით გააქტიურდნენ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

2024 წლის აპრილში, პოლონეთმა უკვე დააკავა ორი ადამიანი, რომელთაც ბრალი ედებათ ლიეტუვაში, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმის ორგანიზება. დაკავებულია თავდასხმის დამკვეთიც, რომელიც ბელარუსის მოქალაქეა.

გასული წლის დეკემბერში, პოლონეთის სასამართლომ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ასევე რუსეთის ჯაშუშობისთვის დაპატიმრებულ 14 ადამიანს, რომელთა უმეტესობა უკრაინის მოქალაქე იყო.