საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერის, პრისკა თევენოს ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალ კალედონიას ეწვევა.
„იგი იქ დღეს საღამოს გაემგზავრება“, - აღნიშნა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, ახალ კალედონიაში სიტუაცია მშვიდდება.
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში, სადაც 270 000 ადამიანი ცხოვრობს, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას ხმის უფლების შესახებ.
ცვლილებები საფრანგეთის მცხოვრებლებს, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ახალ კალედონიაში ცხოვრობენ, პროვინციულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს. ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერი შიშობს, რომ ეს ცვლილება მკვიდრი მოსახლეობის ხმების წილს შეამცირებს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა გასულ ოთხშაბათს ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. არეულობის შედეგად, დღემდე, 6 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.