გერმანიის ხელისუფლება მზადაა, მხარი დაუჭიროს ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას, უკრაინის აღმშენებლობისთვის გამოიყენოს დასავლური სამყაროს მიერ გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული შემოსავლები.
რუსული აქტივები რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გაიყინა. იუწყება Bloomberg-ი.
სააგენტოს მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ბერლინის მხარდაჭერა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს უკრაინის მასშტაბური დახმარების გეგმის განხორციელებაში. Bloomberg-ი ვარაუდობს, რომ ბერლინი ვაშინგტონს საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისში დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ (G7) შეხვედრაზე გააცნობს, ინიციატივის ხორცშესხმა კი, საუკეთესო შემთხვევაში, 2025 წლიდან დაიწყება.
G7-ის სამიტზე ელოდებიან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებზეც დამოკიდებული იქნება უკრაინის ფინანსური ქმედუნარიანობა წლის ბოლომდე. გაყინული აქტივების გამოყენება ასევე აქტუალური იქნება მიმდინარე წლის ნოემბერში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინ - წერს Bloomberg-ი.
გერმანიის მხარდაჭერის გარდა 21 მაისს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირის საბჭომაც, რომელმაც მხარი დაუჭირა გეგმას რუსული აქტივებისგან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემაზე, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ. ჩეხი დიპლომატის თქმით, წლის განმავლობაში ლაპარაკია დაახლოებით 3 მილიარდ ევროზე, რომლის 90% უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველსაყოფად დაიხარჯება.