ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სიმონას შატუნასმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომის დაწყებამდე, საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აგენტების კანონი“ ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებსა და ღირებულებებს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს, რადგან მათი კანონი ევროპული პრინციპებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოა.
„გაფართოების მხრივ გვჯერა, რომ ახლა არის სწორი დრო და ივნისში ჩვენ გვექნება მთავრობათაშორისი კონფერენცია უკრაინასთან და მოლდოვასთან. რაც შეეხება საქართველოს, აუცილებლად უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი. საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს, რადგან მათი უცხოელი აგენტების კანონი ევროპული პრინციპებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოა. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს საქართველოში განვითარებული მოვლენები და შედეგები საქართველოს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა სიმონას შატუნასმა.
14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით დაამტკიცა. 18 მაისს კი პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო.