დარწმუნებული ვარ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები. საქართველო დგას არჩევანის წინაშე, - ამის შესახებ პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა სურს, მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ კანონის გაწვევაა.
,,მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებას თავისუფლად იმოქმედოს საქართველოში. ის როგორც ეს კანონი მიიღეს, ძალიან გვაწუხებს, რადგან ის ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ.
ძალიან მკაფიონი ვართ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მკაფიოდ გამოხატა მისი პოზიცია, რომ კანონპროექტი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და ხელს უშლის მას გააკეთოს, ის რაც სამოქალაქო საზოგადოებას ძალუძს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალაუფლების შეკავების და გაწონასწორების უზრუნველყოფას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად საუბარი. მათ უნდა ჰქონდეთ შეკრების თავისუფლება. სწორედ ეს არის დემოკრატია. ეს კანონი მიდის რუსეთის საგარეო აგენტების კანონის მიმართულებით. ეს არის ის, რასაც ხშირად იყენებენ ავტოკრატიულ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შესაზღუდად. საქართველო ამას არ უნდა აკეთებდეს, თუ სურს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა. გვურს, რომ კანონი გაიწვიონ, იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე. მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც მოდის დღევანდელი ხელისუფლებისგან. ვგულისხმობ, თავდასხმებს დასავლეთზე, ომის პარტიაზე საუბარს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია. არ ვიცი რას გულისხმობენ ისინი",- აცხადებს კარპენტერი.
მისივე თქმით, აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის მხარს უჭერდა.
,,ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ამ ტიპის ბრალდებები საჯაროდ - აღმაშფოთებელია. საქართველო დიდი ხანი იყო დემოკრატიის შუქურა რთულ, არადემოკრატიულ რეგიონში. ის რასაც ბოლო დროს ვხედავთ, სამწუხაროდ საპირისპირო მიმართულებით სვლაა. რაც, ღიად რომ ვთქვათ, შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიცვლება.
უცხოელი აგენტების შესახებ კანონი არის რუსული კანონის მსგავსი და საზოგადოებას არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით. ჩვენთვის ეს ღრმად შემაშფოთებელია. და თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა სურს, მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ კანონის გაწვევაა.
როგორც უკვე აღვნიშნე, დარწმუნებული ვარ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები. საქართველო დგას არჩევანის წინაშე. ის ან წავა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის მიმართულებით, უზრუნველყოფს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების შეუფერხებლად მუშაობას ან ის აამოქმედებს ამ კანონს, რომელიც ეფუძნება რუსეთში მოქმედ მსგავს კანონმდებლობას და რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიის იდეასთან. ეს არის ორი მკაფიო არჩევანი. ასე რომ, მომავალი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. მათი გადასაწყვეტია, კვლავ განაგრძობენ ამ კანონით განსაზღვრულ გზას, თუ დემოკრატიული გზით წავლენ, იმ გზით, რომელზეც მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა და ვუჭერდით მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებით",- აცხადებს კარპენტერი.