ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სალომე ქურასბედიანი: ვენეციის დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს

ვენეციის დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს, რომელიც ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტსტატიას ეყრდნობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

ქურასბედიანის თქმით, „ვენეციის კომისიის აპელირება, თითქოს კანონი ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მის დამტკიცებას წინ უძღოდა მრავალსაათიანი საკომიტეტო და პლენარული სხდომები, რაშიც ჩართული იყო როგორც რადიკალური ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი“.

„სინამდვილეში, აღნიშნული დაზუსტებები კანონპროექტში შევიტანეთ მისი მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვასიტყვით გაჟღერდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შესაბამისად, ეს დაზუსტებები ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა. ამასთანავე, ვენეციის კომისია აპელირებს, თითქოს კანონი ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული და თითქოს მის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონიათ. სინამდვილეში, შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის განხილვა სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა, სადაც რადიკალური ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი. ყველას გვახსოვს, განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მონაწილეობდნენ“, - განაცხადა ქურასბედიანმა.

ვენეციის კომისიამ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა და მკაცრად მოუწოდა ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.

კომისიამ ხაზს გაუსვა იმას, რომ არსებული ფორმის ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს თავისუფალი გაერთიანებებისთვის, ასევე გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის და სამოქალაქო საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.